Jump to content
Planeta.Ge

გადავა თუ არა ტურიზმის სფერო უცხოელების ხელში და რას გვიქადის ახალი კანონი, თუ მასში ცვლილებები არ შევიდა


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5,6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდებიც ადასტურებენ, რომ წელს ნამდვილად ბევრი ტურისტი გვყავდა, თუმცა ამ გარემოებით დიდწილად ისევ უცხოურმა კომპანიებმა იხეირეს, რადგან ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ტუროპერატორები, გიდები თუ სასტუმროები მოემსახურნენ.
საქართველოს ტურიზმის სფეროში უცხოური ტურისტული კომპანიების მომრავლება და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ კანონი, რომელმაც ტურიზმის მიმართულება უნდა არეგულიროს, მოძველებულია და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ტურიზმის შესახებ ახალი კანონი კი პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა მიიღოს, თუმცა, როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდები, მათ შორის საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი თეთრაძე ამბობს, თუ კანონი იმ სახით მიიღეს, რა სახითაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველ მოსმენაზე განიხილა,  ტურისტული სფერო საქართველოში დიდწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება.

რა დაბრკოლებების წინაშე დგას დღეს ტურიზმის სექტორი, რა პრობლემებს უქმნის ქართულ ტურისტულ კომპანიებს ძველი კანონი და რას უქადის - ახალი, ამის შესახებ სწორედ გიორგი თეთრაძეს ვესაუბრეთ.

image.jpeg

- კონკრეტულად რა ხარვეზები აქვს პარლამენტის მიერ პირველ მოსმენაზე წარდგენილ კანონპროექტს და რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს?

- პარლამენტის მიერ დღეისთვის შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული ბევრი რეგულაცია არათუ არსებული პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, პირიქით, საქმეს უფრო გაგვირთულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მსხვილი ტურისტული კომპანიების ხელში გადავა და არათუ წვრილი და საშუალო ტუროპერატორები, ბევრი დიდი ტურისტული კომპანიაც იძულებული გახდება, საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა ან კანონისთვის გვერდის ასაქცევი გზები მონახოს.

ძველი, 1997 წელს მიღებული კანონი საერთოდ ვერ პასუხობს ტურიზმის დღევანდელ მოთხოვნებს და არაფერს არ არეგულირებს, ისედაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ნახევარზე მეტი კომპანია თუ გიდი კანონის გვერდის ავლით მუშაობს. მათი უმეტესობა არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული და სახელმწიფო მათგან ვერანაირ მოგებას ვერ იღებს.

კანონმა მათი საქმიანობა იურიდიულად უნდა დაარეგულიროს, შემოსავლების სამსახურში ყველა უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ინდმეწარმე ან მცირე მეწარმე, ან კომპანია; ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში ოფიციალური გადასახადი და  მოგება მოუტანოს სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება, მაგრამ ეს კანონი ისევ ჩვენ, რეგისტრირებულ ტუროპერატორებს თუ კომპანიებს არ უნდა შემოგვიბრუნდეს ავად. სამწუხაროდ, ამას გვიქადის ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტურისტული კომპანია ვალდებული ხდება, 30 ათას ლარიანი საგარანტიო თანხა დადოს ბიუჯეტში და გაყინოს.  

- რას ნიშნავს ბიუჯეტში საგარანტიო თანხის დადება და რისთვის არის ეს რეგულაცია აუცილებელი?

- გამყვანი ტუროპერატორების შემთხვევაში, ეს წესი გამართლებულია, რადგან შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტის გაყვანისას გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, ან შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, ან რამე სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას, რომლის დროსაც კომპანია ვალდებულია თავისი ტურისტი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის არის ეს გაყინული თანხა საჭირო, მაგრამ შემომყვანი კომპანიის შემთხვევაში ამ თანხის საჭიროება არ დგას. ამიტომ, თუ კანონპროექტში ეს რეგულაცია არ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი. შეიძლება ზოგიერთ მსხვილ კომპანიას ჰქონდეს ბიუჯეტში დასადები 30 ათასი ლარი, მაგრამ მცირე და პატარ-პატარა კომპანიებსა თუ გიდებს, ეს საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვება. მით უმეტეს, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ტურისტთან, რომელიც ჩვენ შემოგვყავს, ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული, გარკვეული და დაგეგმილი გვაქვს.

ბევრი შემომყვანი კომპანია ვერ გადაიხდის ამ თანხას, რის გამოც, ვერ აიღებს ლიცენზიას, შესაბამისად, ვერც იმუშავებს. ამ მიზეზით ბევრ ტუროპერატორს მოუწევს არსებობის შეწყვეტა და გამოდის, ეს გადაწყვეტილება ვიღაცის ინტერესებს ემსახურება.

- კომპანიების ამბავი გასაგებია, მაგრამ ეს რეგულაცია თავისუფალ გიდებსაც შეგეხებათ?

- დიახ, ეს წესი დამოუკიდებელი გიდებისთვისაც სავალდებულო იქნება. მე, ვინც  ტურისტს ვემსახურები, ყველა სასურველ სერვისს ვუჯავშნი და ასევე, დაგეგმილ ტურებზეც თავად ვატარებ, კომბინირებულ გიდად ვითვლები. ამიტომ ეს რეგულაცია ჩემზეც გავრცელდება და მეც დამეკისრება ფულადი ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან უნდა გავჩერდე, ან კანონის გვერდის ავლით უნდა ვიმუშაო: არც უნდა დავრეგისტრირდე და არც ის უნდა გავამხილო, რომ ტურისტებს ვიღებ; უნდა ვთქვა, რომ უბრალოდ დაქირავებული გიდი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს, ბიუჯეტში 30 ათასი ლარი დავდო და გავყინო, რასაც ვერ შევძლებ.

- თქვენს სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და როგორც ვიცით, ქართულ ტურისტულ ბაზარზე, ბოლო პერიოდში უცხოური ტურისტული კომპანიები თუ ოპერატორებიც მომრავლდნენ. ეს შეიძლება ჯანსაღ კონკურენციად მივიჩნიოთ?

- ესეც საკმაოდ მძიმე თემაა. მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც ბევრი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ მათ უმეტესობას არა ჩვენი კომპანიები და გიდები, არამედ თავიანთი ქვეყნების გიდები და ტურისტული კომპანიები მოემსახურნენ.

მაგალითად, ავიღოთ არაბული ან თურქული ტუროპერატორი, რომელსაც საქართველოში ჩამოჰყავს მოგზაურთა ოცკაციანი ჯგუფი, ან უფრო მეტი. მათ აეროპორტში ხვდებათ საკუთარი მძღოლი, რომელიც აბინავებს თავიანთსავე სასტუმროში, მიჰყავს თავიანთ რესტორანში და ექსკურსიაზეც მიჰყვებათ თავიანთი გიდი. სასტუმროებს და რესტორნებს ვიღა ჩივის, უცხოელებმა უკვე ღვინის მარნებიც კი იყიდეს და ამ მარნებში თავადვე ატარებენ ტურებს. პაკისტანელებსაც აქვთ მარანი ნაყიდი, რუსებსა და უკრაინელებზე აღარაფერს ვამბობ, ისე კარგად აითვისეს აქაური ტურისტული მიმართულებები, რომ სერიოზულ კონკურენციას გვიწევენ. მათ არ ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნები: ინდოეთი, ბანგლადეში, თურქეთი, არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. უმეტესობას საკუთარი ტურისტული კომპანიები აქვს დაარსებული, ჰყავთ თავიანთი გიდები, მანქანები, აქვთ რესტორნების და სასტუმროების ქსელი.

მარტო ერთი არაბული ტურისტული კომპანია ვიცი, რომელსაც 87 მანქანა ჰყავს ნაყიდი, პაკისტანელების კომპანიას - 38; 10 და 15 მიკროავტობუსი ვისაც ჰყავს, იმათ არც ჩამოვთვლი, სუყველა უცხოური კომპანიებია.

- კანონპროექტში თუ არის გათვალისწინებული ეს ფაქტორი და არის თუ არა შესაძლებელი,  საკითხი ისე დარეგულირდეს, რომ უცხოელებს ამ სფეროში უკონტროლოდ მუშაობის უფლება არ ჰქონდეთ?

- სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენც, რომ ყველას არ ჰქონდეს გიდად მუშაობის და ტურისტების მომსახურების უფლება. ბევრი ტურისტი შემოვიდა წელს, მაგრამ ის მოგება, რაც უცხოელისგან საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ისევ მის ქვეყანაში წავიდა, რადგან ჩვენ კი არ გადაგვიხადა, მისი ქვეყნის წარმომადგენლებს გადაუხადა. ჩვენთან დახარჯული ფული, აქ კი არ დატრიალდა, ისევ უცხოური ბიზნესკომპანიების მოგებაში წავიდა, საქართველოს ბიუჯეტს კი მხოლოდ მათთვის გაწეული კომუნალური სერვისების ოფიციალური გადასახადი შეემატა.

ჩვენს ისეთ ტურისტულ კომპანიებს და გიდებს, რომელთაც შარშან და შარშანწინ ერთი თავისუფალი დღე არ ჰქონიათ, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან მუდმივად იღებდნენ ტურისტებს, წელს ნახევარიც არ უმუშავიათ, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი ტურისტი იყო.

- როცა ქვეყანაში ტურიზმი ეკონომიკის წამყვან სფეროდ მიგვაჩნია და გვინდა, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, ამ დროს პროგრესის ნაცვლად რეგრესისკენ მივდივართ?

- ასე ცალსახადაც ვერ ვიტყვით, რომ ტურიზმი არ ვითარდება და ამ სფეროს ქვეყნისთის მოგება არ მოაქვს, მაგრამ თუ ნორმალური კანონმდებლობა და რეგულაციები გვექნება,  გაცილებით მეტის მიღწევა და მეტი მოგების მიღება შეუძლია, როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივ მოქალაქეს.

დღეს ეს ყოველივე ხდება იმის გამო, რომ არსებულ კანონს უამრავი ხარვეზი აქვს და ვერაფერს არეგულირებს. ეს ,,შავი ხვრელებიც“  განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც ამდენი რუსი, უკრაინელი, ბელორუსი თუ სხვა ეროვნების ადამიანი ჩამოვიდა და მათთვის თავის დამკვიდრების ყველაზე მარტივი გზა ტურიზმი აღმოჩნდა. სოციალური ქსელების სარეკლამოდ გამოყენებაც მათ ჩვენზე კარგად იციან და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტურად მუშაობენ.

- ტურისტულ საქმიანობაში უცხოელების სიმრავლე მართლაც რომ თვალშისაცემია, მათზე ოფიციალური ნებართვა თუ არის გაცემული?

- საქმეც ეგ არის, რომ არც ერთი მათგანი არსად არ არის რეგისტრირებული და არც ერთი არ იხდის გადასახადს. მათ გამო კი რეგისტრირებულ გიდებს და ტურისტულ კომპანიებს ტურისტები გვაკლდება. ასეთი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ეხება მარტო რუსებს, უკრაინელებს ან ბელორუსებს, პოლონელები და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იგივეს აკეთებენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც სულ თავ-თავიანთი გიდებით ჩამოდიან.

ამიტომაც მიგვაჩნია, რომ კანონში ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი და ბევრი რეგულაცია - შესაცვლელი. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ხსენებულ კანონპროექტში არაფერი არ ვარგა, საჭირო პუნქტებიც არის მოცემული, რასაც მივესალმებით და მოგვწონს, თუმცა მთლიანობაში, იმ სახით, რა სახითაც ის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის პირველ მოსმენაზე წარადგინეს, კანონპროექტი აბსოლუტურად მიუღებელია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილისთვის.

ტურიზმი მარტო იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელს შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ლამაზი ადგილები დაათვალიერებინო, ტურიზმს დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, მით უმეტეს ჩვენისთანა ისტორიის მქონე ქვეყნისთვის.

სწორედ გიდების მეშვეობით ხდება სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესის გატარება. ჩვენ ვაწვდით ტურიტს, განსაკუთრებით რუს ტურისტს, სწორ ინფორმაციას არა მარტო საქართველოზე, არამედ თავის ქვეყანაზეც, მათ პოლიტიკაზეც.

ყველა ქართველი გიდი არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ჩვენგან ტურისტი იღებს იმ ინფორმაციას, რაც ჩვენს წარსულს, ისტორიას და კულტურას უკეთესად წარმოაჩენს. ამიტომ გიდი არის საქართველოს ელჩი ტურისტებისთვის, ისინი ჩვენი თვალით ხედავენ და აფასებენ საქართველოს.

image.jpeg

ხდება ასეთი ფაქტებიც, რუსი ტურისტები ჯერ ერევანში ჩადიან, იქ აქვთ რამდენიმედღიანი ტური და მერე იქაურ ტურისტულ კომპანიას ჩამოჰყავს საქართველოში. მათ თან ახლავთ სომეხი გიდი, რომელიც ხომ წარმოგვიდგენია, რას მოუყვება რუსს ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე? არა მარტო სომხები, ყველა სხვა უცხო ქვეყნის გიდი არასწორად ან შეგნებულად დამახინჯებით უყვება ტურისტს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის თუ ტრადიციების შესახებ.

საქართველოში მასპინძელი არის საქართველო და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც კანონში უნდა ჩაიწეროს, არის ის, რომ გიდი აუცილებლად იყოს საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანი და ფლობდეს ქართულ ენას. თუ გიდმა ქართული ენა არ იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არა აქვს წაკითხული საჭირო წყრაოები, ისტორია, ლიტერატურა და შესაბამისად, ტურისტს სათანადო ინფორმაციას ვერ გადასცემს.

- რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ ბევრი გიდისგან მომისმენია პრეტენზიები. თქვენ რა გიქმნით პრობლემებს, რამდენად შეესაბამება არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს?

- საქართველოში ტურისტული სფერო ნამდვილად ვითარდება და სახელმწიფოც ცდილობს, ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურისტების მზარდ ნაკადს ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერანაირად ვერ მიყვება. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საკმარისი ნაგვის ურნები არ დგას, რაც ტურისტებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, რადგან ხშირად 300-500 მეტრზე უწევთ ნაგვის ხელით ტარება. მაგალითად, მთელი ლესელიძის ქუჩაზე მხოლოდ სამ ადგილას დგას ურნა. საზოგადოებრივი საპირფარეშოების საკითხი იმდენად ყბადაღებულია, უკვე უხერხულიც კია ამაზე ლაპარაკი.  

ახლა ხომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დავდეთ ჩინეთთან? მოგეხსენებათ, ჩინელები ხუთ და ათკაციან ტურისტულ ჯგუფებად არ ჩამოდიან და ვთქვათ მიმყავს მთელი ავტობუსით სავსე მათი ჯგუფი, მოუნდათ საპირფარეშო, სად მივიყვანო,  ამდენი ხალხი ვის მივაყენო?

ტურისტების პატარა ჯგუფები ნაცნობ ობიექტებში შეგვყავს ხოლმე, რესტორნებში ან კაფეებში, ან ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც ანგარიშს გვიწევენ, რადგან იციან ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ 30 და 50 კაცს სად მიიყვან, ვის სიამოვნებს ამდენი ადამიანის შესვლა თავის საპირფარეშოში?

ფაქტია, ის სერვისები, რაც  ტურისტების მზარდი ნაკადის მომსახურებისთვის არის აუცილებელი, მოთხოვნებს ბევრად ჩამორჩება.

ასევე, არსებობს გზების პრობლემა, არათუ რეგიონებში, დედაქალაქის ტურისტულ მარშრუტებზე. ძალიან ხელისშემშლელია ჩვენთვის მოწყალების მთხოვნელი ბოშების ფაქტორიც, რომლებიც ძალადობრივი ფორმით აწუხებენ ტურისტებს და არა მარტო მოწყალებას ითხოვენ, ძარცვავენ კიდეც. პოლიციისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან გვპასუხობენ, რომ ბავშვები არიან და მათი დასჯის უფლება არა აქვთ. ტურისტებსაც, ბოშების უსაქციელობაზე მეტად პოლიციელების უმოქმედობა უკვირთ და ამას ხმამაღლა ამბობენ კიდევაც.

image.jpeg

საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა დიდ ქალაქში ვხვდებით ამ მოძალადე მათხოვრების ჯგუფებს და სამწუხაროდ, ტურისტებთან მათი საქციელი ძალიან ცუდად აისახება ჩვენს რეიტინგზე.

ტურიზმის სფეროსთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პრობლემაა ასევე მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მრავლად არიან. თითო-ოროლას არა უშავს, მაგრამ 10 ძაღლი ერთად რომ მორბის, რთულია ტურისტს დააჯერო ან თავად იყო დარწმუნებული, რომ საფრთხეს მართლა არ შეგიქმნიან.

არ ვიცი, როგორ და რა საშუალებით, მაგრამ ქუჩის ძაღლების საკითხიც უნდა მოგვარდეს.

- თავად ტურისტები თუ გამოთქვამენ ხოლმე პრეტენზიებს და რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას? 

- ძალიან ხშირად აღნიშნავენ ყველა იმ პრობლემას და გამოთქვამენ პრეტენზიას იმაზე, რაც უკვე ჩამოვთვალეთ. ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოების უქონლობა, ქუჩის ძაღლები და დანაგვიანებული ტერიტორიები. ასევე, ძალიან ხშირია უკმაყოფილება სასტუმროს და რესტორნების მომსახურეობაზე. იცით ალბათ, რომ ზოგიერთ კვების ობიექტში ტურისტებს და ზოგადად უცხოელებს არაკეთისლსინდისიერად ექცევიან და ზედმეტ თანხას ახდევინებენ. იგივე ითქმის ტაქსის მძღოლებზე, რომლებიც  გარკვეულ თაღლითურ კასტად ჩამოყალიბდა. ისინი პირდაპირ ნადირობენ ტურისტებზე და ორ ნაბიჯზე წასაყვანად გაბერილ ფასებს უსახელებენ. რაც შეეხება სასტუმროების სერვისს, ბევრი ტურისტი აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ საოჯახო თუ მრავალნომრიან სასტუმროში, რომელიც ინტერნეტში განთავსებული ფოტოების მიხედვით მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ადგილზე მისულებს სულ სხვა პირობები დახვდათ.

ამიტომ გიდები ყოველთვის ვცდილობთ, ისეთ ადგილებში დავაბინავოთ და ვატაროთ ტურისტები, სადაც უკვე გვიცნობენ, ჩვენც ვიცნობთ და ვენდობით, რათა რამე მიზეზით ქვეყნის იმიჯი არ დაზიანდეს და უცხოელმა სტუმრებმა არ იფიქრონ, რომ აქ თაღლითი და არაკეთილსინდისიერი ხალხი ცხოვრობს. 

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ტურიზმის სფეროში არსებული ჩავარდნები გამოასწოროს?

- უპირველესად, სახელმწიფომ უნდა დაუჯეროს იმ ხალხს, ვინც ამ სფეროს კარგად იცნობს და სათანადო გამოცდილება გააჩნია. ტურიზმის შესახებ კანონიც ამ ადამიანების უშუალო მონაწიელობით უნდა შეიქმნას.

ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, ჩვენი კანონი უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც ტურისტის უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. ამაში შედის როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტები, ასევე უსაფრთხოების დაცვა, რისთვისაც საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის კადრები. მათი შერჩევა პრობლემა არ იქნება, მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ნება. სათანადო რეგულაციების გატარების შემდეგ კი სახელმწიფო ბიუჯეტში ტურიზმიდან გაცილებით მეტი თანხა შევა, ვიდრე დღეს შედის. ამავე დროს, ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ეროვნული თვალსაზრისითაც, ამიტომ რეგულაციები უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოწესრიგება, სასტუმროების და რესტორნების სერვისების გაუმჯობესება.

ამ მხრივ, დედაქალაქზე გაცილებით უარესი მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც დაბალი ხარისხის მომსახურებაში ადამიანები ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის დაცინცვლას ცდილობენ.

რაც შეეხება უცხოელების საქმიანობას, ღვინით და კულინარიით რომ მოგვაქვს თავი, ქართული ღვინის მარნებიც აქვთ ნაყიდი და გასტრო-ტურებს თუ კულინარიის მასტერკლასებს აწყობენ. უკრაინელი, რუსი ან არაბი გიდი საქართველოში ჩამოსულ უცხო სტუმარს ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე რას უყვება და რას ასწავლის, ეგ ცალკე საკითხია...

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ტურიზმის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს და გიდების სერტიფიცირება-ლიცენზირება სავალდებულო იყოს, რაც ამ მიმართულებით უცხოელების დასაქმებას გამორიცხავს. გიდს მოეთხოვოს ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ასევე, მკაცრად შემოწმდეს ტურისტული მძღოლის ცოდნა-გამოცდილება და საჭირო უნარები.

- ტურიმზის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები როდის შეიქმნა და რა შესაძლებლობები აქვს ამ ორგანიზაციას?

- ტურიმზის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი, ოფიციალურად, თვეზე მეტია არსებობს და ამ მოკლე დროში უკვე ბევრი ადამიანი თუ კომპანია შემოგვიერთდა.  

ეს არ არის მარტო გიდების კავშირი, აქ ერთიანდება ყველა, ვისაც შეხება აქვს ტურიზმთან.

მალე ვგეგმავთ რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნებასაც. იქაურმა გიდებმა, ტურისტულმა კომპანიებმა თუ მუზეუმების თანამშრომლებმა უკეთ იციან, ადგილზე რა პრობლემებიც არის და ყურადღება რაზე უნდა გამახვილდეს.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ხშირია, როცა კომპანია დაქირავებულ გიდს ან მძღოლს ხელფასს არ უხდის; არის სხვა შემთხვევებიც, როცა ტურისტული სფეროს თანამშრომელთა უფლებები ირღვევა. ეს კავშირი სწორედ მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად შეიქმნა.

რაც მთავარია, პროფკავშირს აქვს იურიდიული ძალა, რაც  ჩვენს კანონმდებლებსა თუ ხელისუფლების სხვა წევრებს ავალდებულებს, ითანამშრომლონ ჩვენთან და ანგარიში გაუწიონ ჩვენს მოთხოვნებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ორგანიზაციაში ყველა გავერთიანდეთ და ჩვენი ინტერესები დავიცვათ.

 

 ირმა ბერიშვილი

 

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...