სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა
როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა, როგორც თანამშრომლობის ზღვა, ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ.
„რუსეთი და ევროკავშირი. არჩევანი გაკეთებულია იმ დროიდან, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ეს არჩევანი უფრო მკაფიოდ 1991 წელს გაკეთდა, დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს მუდმივი არჩევანია. ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა.
ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი, იმედი კი ევროკავშირშია. უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, ამას დრო სჭირდება. სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან სად გადის მათი საზღვრები. თუ ევროპას სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რომ მას საზღვრები გააჩნია;
ვფიქრობ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც ეს დრო მოვა, როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები.
ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.