ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, ბიძაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა - გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც ნათესავის ცხოვრებას აკონტროლებდა, ქალი ელექტროშოკით აწამა
ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს.
„მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.