საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებლო და სხვ.) ადგილობრივი ჯიშების შესწავლას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი, იშვიათი ჯიშების კოლექციის შექმნას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ხეხილის გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების ნერგები გადასცა. ახალი საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა ამ კულტურების კონსერვაციასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა პარტნიორ ორგანიზაციას გასამრავლებლად ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში არსებული მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექციიდან, ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების 50-მდე ნიმუში გადასცა. მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექცია 2005-2006 წლებში ბოტანიკური ბაღისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით იქნა აღდგენილი.
მხარეები საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლისა და შენარჩუნების საკითხებზე 2018 წლიდან თანამშრომლობენ.
ღონისძეიებას ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.