Jump to content
Planeta.Ge

ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქეთ გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება! – გორის საკრებულოს თავმჯდომარე


გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები დაცულია. იმ შემთხვევებს, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, რაზმაძე ასე ხსნის – “მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”.

TV მონიტორინგის ეთერში, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, საკრებულოს თავმჯდომარე ასე გამეხმაურა:

“მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი. არ შეიძლება! რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო?! ერთი საგუშაგო არის ნიქოზთან. იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე … ადამიანი თავის თავს რასაც გაუკეთებს, ვერავინ უზამს იმაზე ცუდს”, – განაცხადა რაზმაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტურს, რაზმაძემ ასე უპასუხა:

“მაგ შეფასებას გავანებოთ თავი – თამაზ გინტურის შეფასებას. იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ ამ ყველაფერს და დაიდება ყველაფერი, მაგრამ,  თქვენ დამისვით შეკითხვა – ხალხი ჩივის რომ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან, მე გეუბნებით – სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია.

სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს. ეს არის რეალობა. რეალობა უნდა აღვიქვათ. არ შეიძლება სხვანაირად. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და დამაქცევარი ქვეყნის, ხომ?! უნდა მოვერიდოთ!”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ლომისის ეკლესიის კარი, რომელიც ოკუპანტების აჭედეს, ძალით გააღეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, თამაზ გინტურს კი ხვალ, 11 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...