ზურაბიშვილი: მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, France 24-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი „ქართული ოცნების“ პრორუსული პოზიციების ფონზე“.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის ერთადერთი პერსპექტივაა და ამის გარეშე ქვეყანა მარტო დარჩება რუსეთის წინაშე.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ შეუსრულებია 12 რეკომენდაცია სრულად, ევროკომისიის გადაწყვეტილება არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველომ და ასევე ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო გეოპოლიტიკური მდგომარეობით.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის.
ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30-წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Fance 24-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ეშინია თუ არა მას, რომ „უფრო და უფრო ღიად პრორუსული მთავრობა“ ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე. მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია.
„ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.
Fance 24: პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?
სალომე ზურაბიშვილი: გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…. ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached”, უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე.
იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს“.
პრეზიდენტს ასევე ინტერვიუ ჰქონდა Radio France info-თან, სადაც განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად ევროპამ თავსი მხარდაჭერაც უნდა აჩვენოს, მათ შორის, მომავალი წლის არჩევნებზე:
„მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: – რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე,“ – განაცხადა მან.
France 24-თან და Radio France info-თან პრეზიდენტის ინტერვიუ 9 ნოემბერს შედგა. მათი ქართული თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.