საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა, ის, შესაძლოა, კირბალიდან იყოს გატაცებული
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს.
მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარტამენტისვე” ცნობით, ვლადიკავკაზში რაიონულმა სასამართლომ „წვრილმან ხულიგნობაში” დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
„პირველი დეპარტამენტის” მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გააკეთა ფონდმა „თავისუფალი რუსეთი”.
ამ ორგანიზაციის განცხადების თანახმად:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 12 ოქტომბერს რაფაილ შეპელევი ტაქსით გაემგზავრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში.
პოლიციის ცნობით, ამ ინფორმაციას ადასტურებს რაფაილის ტაქსიში ჩაჯდომის ადგილის სათვალთვალო კამერები, ასევე ტაქსის მძღოლი და სოფელ კირბალში მცხოვრებლები.
შსს-ის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, რაფაილი ნახეს სოფელ კირბალის ეკლესიაში ასვლისას, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები (სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის FSB-ის მესაზღვრეები) იმყოფებოდნენ.
მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა დაინახეს ადგილზე მყოფი რუსები და ის, თუ როგორ მიუახლოვდა მათ რაფაილი, რის შემდეგაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რომელიც ოფიციალური თბილისის კონტროლს არ ექვემდებარება”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „პუბლიკაც” დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს გორის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.
„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.
რუსმა ოკუპანტებმა კირბალში ლომისის ტაძარში შესასვლელი კარი მიმდინარე წლის აგვისტოში აჭედეს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.