საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები — ევროპარლამენტარები
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”.
“საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ გაფართოების შესახებ წლიურ ანგარიშში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მინიჭების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა სურვილი, შეესრულებინა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა”,— ვკითხულობთ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსიმ, სვენ მიკსერი.
დღეს, 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ევროკომისია რეკომენდაციას უწევს.
„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დენ ლაიენი.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.