სუს-ის ჩანაწერი ტრენინგის ორგანიზატორების ბრალდებისთვის უსაფუძვლო იყო - გაეროს წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშში მან ყურადღება გაამახვილა „ტრენინგების საქმეზეც“ და აღნიშნა, რომ სუს-ის ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც ტრენინგის ორგანიზატორების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა.
მისივე თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები.
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8-წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე.
ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ. ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს,“ – განაცხადა ლოლერმა.
მერი ლოლერმა „შეკრებებისა და მანფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. კარვების კანონი მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მან ხელისუფლებას მოუწოდა, კანონი გაიხმოს.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო არეულობის შესაძლო დაგეგმვის საქმეზე სუს-ის განცხადება ე.წ. „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად გამოიყენა.
„მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა კრიტიკული გადააზრების გარეშე დაიწყეს საჯარო განცხადებების გაკეთება და ბრალდება გამოიყენეს „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ამ მოვლენების კვალდაკვალ, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს მხარდამჭერების მობილიზაცია ამ დაუსაბუთებელი „კონსპირაციის” სულისჩამდგმელების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ფიზიკური საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის უფლებათა დამცველები.
ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაორაზროვნად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს.
ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით.
ქალებს განსაკუთრებით ხშირად იღებენ მიზანში. თბილისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან შევამჩნიე პოსტერები ქალი უფლებადამცველების გამოსახულებით, რომლებსაც „ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. როგორ მოხდა, რომ ადამიანებს ნება დართეს ამგვარი პოსტერები გამოეფინათ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შენობის წინ, როგორიც პარლამენტია და როგორ მოხდა, რომ ეს პოსტერები დღემდე არ ჩამოუხსნიათ? ასეთი მაგალითები, რომლებიც მე გამაცნეს, მიუთითებს “შინაური მტრების” ნარატივის განვითარებაზე. რასაკვირველია, ეს ნარატივი ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა,“ – განაცხადა ლოლერმა.
პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო.
5 აგვისტოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.
ცვლილებების თანახმად:
- მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
- შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
- საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას.
იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.