Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახსა და სრულიად საქართველოს - ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ თავდება.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში.

„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის.

ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს. ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...