Jump to content
Planeta.Ge

დამცირების მიზნით ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს — პროკურატურა


ღირსების შელახვის მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინეს ბრალი. შემთხვევა გასულ კვირას, 30 ოქტომბერს მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა, იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ფსიქიკური იძულების შედეგად დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს”, — წერს პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულები პირველ ნოემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად.

ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...