უკრაინელების მიერ ქერჩში დაზიანებული რუსული გემი სავარაუდოდ, რაკეტმზიდი „ასკოლდია“
უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო გემი უახლოეს ხანში ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას. უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა 5 ნოემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ქარხანაზე შეტევის შედეგების დაზუსტება გრძელდება, თუმცა, დარტყმა ძლიერი და წარმატებული იყო და იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივზე“ სარაკეტო იერიში 4 ნოემბერს მიიტანეს. საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 4 ნოემბერს ღამით, ტელეგრამზე დაწერა, რომ ქარხანაში იდგა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი გემი. რუსეთმა ქერჩის ქარხანაზე შეტევა მეორე დღეს დაადასტურა. 5 ნოემბერს, სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის 15 ფრთოსანი რაკეტიდან 13 ჩამოაგდეს, მოუგერიებელმა რაკეტამ კი გემი დააზიანა. რომელი გემი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „Схеми“ 5 ნოემბერს გამოაქვეყნა Planet Labs-ის თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ქერჩის ქარხანა სარაკეტო დარტყმის შემდეგ. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების თადარიგის კაპიტანმა ანდრი რიჟენკომ გამოცემას განუცხადა, რომ მისი მონაცემებით, 4 ნოემბერს ამ ტერიტორიაზე იმყოფებდა რუსეთის ერთადერთი სამხედრო ხომალდი, რომელიც „კალიბრის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი - გემი „ასკოლდი“. რიჟენკო თანამგზავრული ფოტოების ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ გემის ზედა ნაწილი შესამჩნევად დაზიანებულია.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.