რატი ბრეგაძე - კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა თბილისთან ახლოს დააკავეს - ახალი დანაშაულისთვის მათ დამატებით დაეკისრებათ სასჯელი 6-დან 8 წლამდე პატიმრობის სახით
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით.
ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი, კოლეგა უწყებასთან ერთად.
ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია“, - განაცხადა მინისტრმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.