საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო მიმართვა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება:
ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და პარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს, მათ შორის 2021 წლის რეზოლუციას „დეოკუპაციის და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“; ვადასტურებთ რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას; ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომისა. შესაბამისად, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი. ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად. ვინაიდან მმართველმა პარტიამ ფაქტობრივი უარი განაცხადა ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, ამ ფორმით გიზიარებთ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას.
პატივისცემით, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტის წევრი ნიკა მაჭუტაძე პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის წევრი თამარ კორძაია პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის წევრი ანა წითლიძე პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი პარლამენტის წევრი გიორგი ბოტკოველი პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძე პარლამენტის წევრი აბდულა ისმაილოვი პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე პარლამენტის წევრი სულხან სიბაშვილი პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი პარლამენტის წევრი ცეზარი ჩოჩელი პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის წევრი დევი ჭანკოტაძე პარლამენტის წევრი ეკატერინე ხერხეულიძე პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჯანაშია პარლამენტის წევრი მანუჩარ კვირკელია პარლამენტის წევრი დავით კირკიტაძე პარლამენტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის წევრი ჰერმან საბო პარლამენტის წევრი ვახტანგი მეგრელიშვილი პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე პარლამენტის წევრი როსტომ ჩხეიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.