Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, თავს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაესხნენ, რომლებმაც მისი მანქანის მიმართულებით 4 გასროლა განახორციელეს


დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა.

კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ.

მისივე თქმით, სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა, რომლის მგზავრების მხრიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით 4 გასროლა მოხდა.

„მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც ფიზიკური დაზიანებისგან მიხსნა. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერ. მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ჩემზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭერა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...