Jump to content
Planeta.Ge

გენდერულმა საბჭომ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის საკითხი არ განიხილა


დღეს, პირველი ნოემბერს,  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.

თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს.

როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკითხის განხილვა საჭირო აღარ იყო, რადგან ბერაიამ ბოდიში გუშინვე მოიხადა.

„გუშინდელ ძალიან მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია, მიუღებელია, ნამდვილად გამართლება არ აქვს იმ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც, განმცხადებელმაც ისაუბრა და ბოდიში მოიხადა, არა მხოლოდ მან, ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდანაც იყო განცხადება გაკეთებული.

ამიტომ გენდერული საბჭოს დღევანდელი სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ დაესწრო ოპოზიცია, თუმცა გუშინ ბევრს აპელირებდნენ ამაზე, ამ საკითხის უფრო მეტად, დეტალურად განხილვის საჭიროება არ ყოფილა, რადგან საკითხზე შეფასებები ერთმნიშვნელოვანია. ყველა ვისურვებდით, რომ მომავალში არც კი განმეორებულიყო რამე მსგავსი ქალ დეპუტატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის თქმით, გუშინ მომხდარღთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო არც განცხადების გავრცელებას აპირებს.

„საბჭოს დანიშნულებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ის არ არის ეთიკის ნორმების შემფასებელი და ამ კუთხით ყველა დეპუტატი თავისუფალია თავის შეფასებებში, მათ შორის მე გუშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. თავისთავად იმ ფაქტს, რომ ქალი დეპუტატის მიმართ ამგვარად იყო მიმართვა განხორციელებული, ჰქონდა რა თქმა უნდა, გენდერული კუთხით მძიმე დატვირთვა და შესაბამისად, განმცხადებელმა მოიხადა ბოდიში.

საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ საკმაო დროა გასული და რეაგირებებიც ისეთია მიცემული, რომ გენდერული საბჭოს განცხადება ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. თუმცა, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...