გახარიას პარტია: რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს
რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კონკრეტულად, აი რას გულისხმობდა ქალბატონი ლაცაბიძე, როცა ბრიფინგზე თითქოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობდა. დიახ, ეს ინიციატივები საკრებულოს კომისიიდან მერიას უკან დაუბრუნდა, რადგან ეხებოდა არა რუსთაველების კეთილდღეობას, არამედ კალაძის გარემოცვის ბიზნესინტერესებს და საარჩევნოდ ოცნების შავი ყულაბის შევსებას. როგორც ყველასთვის ცნობილია, კომპანია „არქი“ არის კალაძის მეჯვარის და უახლოესი მეგობრის - ილია წულაიას კომპანია. რუსთავის მერი, ითხოვდა კ2 კოეფიციენტის გაზრდას „არქისთვის“, რომელსაც დარღვეული ჰქონდა კოეფიციენტის დათვლის წესი, პროექტი ითვალისწინებს 12 კორპუსის მშენებლობას, რაც ქალაქში ფაქტობრივად ურბანულ კატასტროფას ნიშნავს. მე-2 ასეთი საკითხი ეხებოდა „ელიტა ბილდინგს“ (რუსთავის მაჟორიტარის ირაკლი შატაკიშვილის და მისი მეუღლის ინტერესი), რომელიც ითხოვს კ2 კოეფიციენტის გაზრდას და ზონის ცვლილებას 2-დან 4-მდე. კერძოდ, 3-4 სართულიანი კორპუსების განაშენიანების ზონაში 16 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვას. მე-3 საკითხი, „ნიუ დეველოპერს“, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული 7 სართულიანი კორპუსის ნაცვლად ააშენა 10 სართული ისე, რომ მერიის ზედამხედველობას გაფრთხილების ოქმიც კი არ ქონდა დაწერილი. საკრებულოს სხდომაზე ითხოვდნენ კ2 კოეფიციენტის გაზრდას, კიდევ დამატებით 2 სართულის დაშენებას. ანუ 7 სართულიანი კორპუსის ნაცვლად, 12 სართულიან კორპუსს. მხოლოდ საკრებულოს კომისიის სხდომის შემდეგ დააჯარიმა მერიამ 15 000 ლარი. ჩვენი გუნდი ყველა მსგავს ინიციატივას, რომელიც, მოქალაქეების ხარჯზე, „ოცნების“ და მისი ახლო წრის ჯიბის გასქელებასა და „ოცნების“ საარჩევნო შავი ყულაბის შევსებაზე იქნება ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს. დღეს რუსთავის მერია სასამართლოში უჩივის რუსთავის საკრებულოს რუსთაველების ინტერესების დაცვისთვის და მათი ინტერესების წინააღმდეგ იცავს „ოცნების“ შემომწირველი დეველოპერების ბიზნესინტერესებს."
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.