ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - გიორგი კალანდარიშვილმა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს.
შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნებული იქნება, სანამ ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობა გაუჩნდება. მისივე განცხადებით, ვერიფიკაციის პროგრამის მეშვეობით, ამომრჩევლის დუბლირება გამორიცხულია.
„მარკირება კვლავ შენარჩუნებულია ამ პროცესში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სანამ ამომრჩეველს სრულად მიმღებლობა და სანდოობა არ ექნება აპარატის მიმართ. ასევე, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის, სიახლის სახით, დამატებულია მარკირება, როგორც ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი, რათა ამომრჩეველთა სიებთან მიმართებით მანიპულაცია არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერიფიკაციის აპარატს ამომრჩევლის მონაწილეობის ორმაგად დადასტურების შესაძლებლობა აქვს. ეს უტყუარად ადასტურებს, რომ პირმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
აუდიტის დასკვნით ვნახეთ მთავარი - მითის სახით იყო, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც A უბანზეა, შესაძლოა იყოს B და C უბანზეც, ხოლო დასკვნამ დაადასტურა, რომ ამომრჩევლის დუბლირება გამორიცხულია ამ პროგრამის მეშვეობით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცედურას, გიორგი კალანდარიშვილი ასახელებს სიახლეებს, რომელიც ხმის მიცემის პროცესში დაინერგა. მისი თქმით, საარჩევნო ბიულეტენზე დატანილი იქნება უნიკალური ბარკოდი, ასევე, ხმის მიცემის ინსტრუქცია; საარჩევნო სუბიექტის სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშვნის ნაცვლად კი, ამომრჩეველს მის გასწვრივ რგოლის გაფერადება მოუწევს.
„ამომრჩეველი უპირველესად მარკირებაზე შემოწმდება. მარკირების გავლის შემდეგ გაივლით ვერიფიკაციას. სიახლეა - იმისთვის, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს, ან ელექტრონული ID ბარათი, ან უცხოეთის პასპორტი უნდა იყოს გამოყენებული. კომისიის წევრი ელექტრონულ ბარათს მოათავსებს შესაბამის წამკითხველ მოწყობილობაში, მისი გატარებით ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება. კომისიის წევრი აპარატზე დაადასტურებს ამომრჩევლის ვინაობას, რის შემდეგაც აპარატი ავტომატურად ამობეჭდავს ქვითარს, რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებს. ამ ქვითარზე იგივე მონაცემებია, რაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ეს პასუხობს ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველა მანიპულაცია, კონკრეტულმა პირმა მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ამ ქვითრით დგინდება მისი უტყუარი მონაწილეობა არჩევნებში. ქვითარს ამომრჩეველი განათავსებს სპეციალურ საარჩევნო ყუთში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე განმეორებით მივიდა უბანზე, ან თუ პირი არ არის იმ საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, ასეთ შემთხვევაში აპარატი სასიგნალო შეტყობინებას გამოსცემს. ასევე, არის სხვა შემთხვევები, რა შემთხვევაშიც გამოსცემს ხმოვან შეტყობინებას, რაც აძლევს ყველას საშუალებას, რომ პროცესს დააკვირდეს.
ვერიფიკაციის შემდეგ გადავდივართ ბიულეტენზე. ბიულეტენი ცოტათი უფრო სქელია, ვიდრე ტრადიციული. მასზე ბარკოდია, რაზეც იყო მითები, ამით ხომ არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება; რომ ის არ არის უნიკალური; დანომრილია და ა.შ. - აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ ეს ბარკოდი არის უნიკალური და ამომრჩეველს არ ექნება მისი სხვა საარჩევნო უბანზე გამოყენების შესაძლებლობა და მასში დატანილია მხოლოდ ინფორმაცია იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის, ოლქის და ხელმოწერის შესახებ.
სიახლეა ისიც, რომ ბიულეტენზე დატანილია ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, როგორ უნდა გამოხატოს ნება. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციაშიც ვერ გავერკვევით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის რეგისტრატორი წევრი ამას ამომრჩეველს აუხსნის, მოცემული გვაქვს საცდელი რგოლი, რომელიც უნდა გააფერადოს ამომრჩეველმა. მას არ გადაეცემა ამომრჩეველთა ბიულეტენი, სანამ საცდელ რგოლს არ გააფერადებს. სიახლეა, რომ ნაცვლად შემოხაზვისა, ან სხვა სიმბოლოთი ნების გამოხატვის, აპარატი კატეგორიულია და ხმად ჩათვლის მხოლოდ იმას, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ წრე იქნება გაფერადებული. ხმის ფარულობის უზრუნველყოფისთვის და ბიულეტენის მოსათავსებლად არის ჩარჩო კონვერტი. ამომრჩეველმა ამობრუნებული სახით უნდა მოათავსოს ბიულეტენი ჩარჩო კონვერტში, რომელიც ქართული გადაწყვეტაა. სხვა ქვეყნებში პირდაპირ ხდება ბიულეტენის სარჩევნო ყუთში მოთავსება. ბიულეტენს აპარატში მოათავსებთ. უბანს არ ტოვებთ, სანამ აპარატზე არ წაიკითხავთ შეტყობინებას: „თქვენი ხმა მიღებულია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტებითვე, ხმის მიცემის ყველა ეტაპზე ამომრჩეველს კომისიის წევრი პროცედურას განუმარტავს.
„ყუთთან არის ზედამხედველი კომისიის წევრი. თითოეულ საარჩევნო უბანზე არანაკლებ ორი ყუთი იქნება, შესაძლოა სამიც და შესაბამისად, ყუთთან მოსვლისას ამომრჩეველს კიდევ ერთხელ განემარტება ბიულეტენის მოთავსების პროცედურა. ყველა ეტაპზე, სადაც ამომრჩეველს ინსტრუქცია სჭირდება, ეს უზრუნველყოფილი იქნება კომისიის წევრების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.