ჟვანიას მოედანზე რეაბილიტაციიდან 6 თვის შემდეგ აპირებენ მოაწყონ ხმოვანი შუქნიშნები
თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე, 20 დღის ვადაში ხმოვანი შუქნიშნები მოეწყობა. იგეგმება რელიეფური ფილების მოწყობაც, თუმცა ჯერ უცნობია, როდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში მიაწოდეს.
ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური მანიშნებლები და რელიეფური ბილიკები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამის შესახებ აქტივისტები ანა სიხაშვილი და ესმა გუმბერიძე საუბრობდნენ.
ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს თბილისის მერიაში მივიდნენ და მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქტივისტების თქმით, ჟვანიას მოედანზე რეკონსტრუქცია ისე დასრულდა, რომ არ მოწყობილა რელიეფური ფილები, ტაქტილური ბილიკები და ხმოვანი შუქნიშნები:
“გვეუბნებიან, რომ გაკეთდება ხმოვანი შუქნიშნები, მაგრამ რატომ არ იყო ეს გაკეთებული მაშინ, როდესაც გაიხსნა [მოედანი რეაბილიტირებულად გამოცხადდა]? ანუ მოქალაქეები არ ვართ? ჩვენთვის არ იხსნება ეს ქუჩები? სანამ ხმას არ ამოვიღებთ, რეალურად ეს კომპონენტები [შშმ პირებზე ადაპტირებული] არ ემატება ხოლმე. რამდენი ქუჩაც რეაბილიტირდა, ყველა ასე იყო”, — ამბობდა ანა სიხაშვილი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, რომელიც 27 ოქტომბერს მას და ესმა გუმბერიძეს მერიის შენობაში ჰქონდათ.
მაშინ ესმა გუმბერიძე ამბობდა, რომ ვერანაირი წერილობითი გარანტია ვერ მიიღეს ჟვანიას მოედანზე ტაქტილური მანიშნებლების მოწყობასთან დაკავშირებით. გუმბერიძე ხაზს უსვამს, რომ ზურაბ ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია ქეთევან წამებულის გამზირის შემდეგ მოხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჟვანიას მოედანზე უსინათლო ადამიანების ადაპტაციისთვის არაფერია გაკეთებული.
ქეთევან წამებულის გამზირი ერთ-ერთია იმ მცირე საჯარო სივრცეებს შორის თბილისში, სადაც უსინათლო პირებს მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებაზე მორგებული გარემო ხვდებათ.
“ვთქვათ, ვერ ასწრებენ ძველი ქუჩების რეაბილიტაციას [ისე, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს], რაც ახალი კეთდება, იქ მაინც ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული და სწორად გაკეთდეს”, — აღნიშნავს ესმა გუმბერიძე.
ისინი ითხოვენ, რომ ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციაც დასრულებულად გამოცხადდება, მორგებული იყოს შშმ პირების საჭიროებებზეც.
ანა სიხაშვილის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში ვიქტორ წილოსანისგან ითხოვდნენ წერილობით გარანტიას, რომ ჟვანიას მოედანი მოეწყობა ისე, რომ შშმ პირებზე იყოს მორგებული:
ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულად მიმდინარე წლის 9 მაისს გამოცხადდა. ის თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანთან ერთად გახსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოედანზე მოეწყო გამწვანება, ავტობუსის ზოლი, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები და დამატებითი ტროტუარი, გამოიცვალა კომუნიკაციები.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქუჩების ადაპტაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები არაერთხელ შეხვდნენ შშმ პირთა საკითხზე ორიენტირებულ სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის ანა სიხაშვილსაც. მერიის ცნობით, შეხვედრა ზურაბ ჟვანიას მოედნის ადაპტირების საკითხზეც შედგა:
“ჟვანიას მოედანზე ამჟამად განთავსებულია ძველი შუქნიშნები, თუმცა კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მოედანზე განახლდება შუქნიშნები და დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ხმოვანი სიგნალი.
აღნიშნულ საკითხზე სააგენტოში დამატებით შემოვიდა წერილი, რასაც დროულად გაეცა პასუხი, რომ ზურაბ ჟვანიას მოედანი მოკლე ვადაში აღიჭურვება განახლებული შუქნიშნებით, რისთვისაც დაახლოებით 20 დღეა საჭირო”, — განმარტავს მერია.
მერიის განცხადებით, 20 დღის ათვლა დღეიდან დაიწყება. რაც შეეხება რელიეფურ ფილებს, მერიის ცნობით, დაგეგმილია მათი მოწყობაც, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის.
რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადებში აცნობებენ ანა სიხაშვილსა და ესმა გუმბერიძეს, რომელთაც 27 ოქტომბერს წერილით მიმართეს მერიას და მოითხოვეს მერთან, კახა კალაძესთან და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთან შეხვედრა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.