„ჩემი სიკვდილი არავის გააკვირვებს“ — გარდაიცვალა Friends-ის მსახიობი მეთიუ პერი
54 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ Friends-ის („მეგობრები“) მსახიობი მეთიუ პერი. ის სერიალში ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარი სახლის აბაზანაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ძალადობის კვალი არ ყოფილა.
მეთიუ პერი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულებას. 2022 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში პერი წერს ამ პრობლენაზე, რეაბილიტაციის არაერთ მცდელობასა და ამ სენთან მუდმივ ბრძოლაზე. ოპიოდების მოხმარების გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, 2 კვირის განმავლობაში იყო კომაში, ასევე, კუჭზე 14-ჯერ ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული.
მან ნარკოდამოკიდებულებაზე ღიად ისაუბრა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, People-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ის ამბობდა, რომ ექიმების თქმით, მას სიცოცხლის გაგრძელების „2%-იანი შანსი ჰქონდა“.
„ჩემს წიგნში ვამბობ, რომ თუ მოვკვდები, ეს ადამიანებში შოკს გამოიწვევს, თუმცა არავის გააკვირვებს. ამით ცხოვრება ძალიან საშიში რამაა. ვიმედოვნებ, ხალხი დაინახავს და ეცოდინება, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება დაემართოს. მნიშვნელობა არ აქვს, შენ წარმატებული ხარ თუ არა, დაავადებას ეს არ აინტერესებს“, — ამბობდა მეთიუ პერი.
თუმცა სამედიცინო ექსპერტიზისა და შესაბამისად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.