ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის ფორმულა ეტაპობრივად გლობალური ხდება - მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად
მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება, მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც მალტაში მიმდინარეობს.
„სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ. არსებობს სახელმწიფოების სიის გაფართოების პოტენციალი. ჩვენი ფორმულის პუნქტები იქმნება ისე, რომ მსოფლიოში ყველას, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს, შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი და ღირებულებები და მხარი დაუჭიროს აგრესიის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მალტის სამიტზე მიმდინარეობს მუშაობა ფორმულის ათი პუნქტიდან ხუთზე და ეს პუნქტებია:
„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“.
ფორმულის თითოეული პუნქტისთვის შეიქმნა სახელმწიფოთა ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ განხორციელებაზე.
„შარშან, როცა პირველად წარვადგინე ფორმულა, მსოფლიო ჯერ კიდევ განიხილავდა სხვადასხვა ხედვასა და საკმაოდ განსხვავებულ მიდგომას ჩვენი სახელმწიფო საზღვრის აღდგენისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება მშვიდობის ფორმულაში ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, გუშინ მალტაში უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე ორდღიანი სამიტი დაიწყო. სამიტს 66 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯიდაში გაიმართა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.