„თბილისი საქართველოსთვის“, საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული საქმიანობა ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტად რჩება
26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, სალომე კობალაძემ და გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებს საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოში გახარიას გუნდისთვის ანტიკორუფციული ინიციატივები მთავარ პრიორიტეტად რჩება, ისევე როგორც კარგი მმართველობა, ევროპული თვითმმართველობა, სატრანსპორტო რეფორმა, მოქალაქეთა უსაფრთხოება და სოციალური პრობლემები.
„ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. მისი თქმით, პოლიტიკურ კორუფციაში მერიის მაღალჩინოსნებისა და „ოცნების“ მხილება მათ არ შეუწყვეტიათ და მომავალშიც გააგრძელებენ ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას.
“ვაკის პარკის ტრაგიკულმა მოვლენამ გამოააშკარავა, რომ სისტემური კორუფცია არა მხოლოდ უმძიმესი ეკონომიკური დანაშაულია, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ შესაძლოა გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დანაშაულშიც და გამოიწვიოს ადამიანური ტრაგედიები” – განაცხადა შარაშიძემ.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად გახარიას გუნდის მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კამაზთან“, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული რუსული ტერორისტული არმიის სამხედრო კომპონენტებით მომარაგებისთვის.
ფრაქციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური კორუფციის ნიშნების გამო პროკურატურაში შეტანილი განცხადება გახმაურებული სამშენებლო ნებართვების დაჩქარებული წესით დამტკიცების გამო იმ კომპანიებისთვის, რომელთა უკან „ოცნების“ შემომწირველები, მათთან დაახლოებული პირები და ოჯახის წევრებიც კი დგანან.
ფრაქციამ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „თბილსერვის ჯგუფში“ არსებულ კორუფციულ დარღვევებზე, სასურველ კომპანიებზე მრავალმილიონიანი ტენდერების მორგებასა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებზე.
„სამწუხაროდ პროკურატურას ეს საქმეები კვლავ თაროზე აქვს შემოდებული, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ საქმე არ იძიებს, რომ მალე მოვა დრო, როცა ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობა, მათ შორის ამ დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობა, პერსონალიზირებული იქნება“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ.
მნიშვნელოვანი იყო სატრანსპორტო სფეროს ეფექტური რეგულირებისთვის ფრაქციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები. როგორც სალომე კობალაძემ განაცხადა, იმედია, თბილისის მერია გაითვალისწინებს ფრაქციის ინიციატივას და დიდი გაბარიტის ავტომობილებს თბილისის ყველაზე გადატვირთულ ზონებში პიკურ საათებში მაინც შეეზღუდება მოძრაობა, რაც ოდნავ მაინც განტვირთავს დედაქალაქს გაუსაძლისი საცობებისგან.
სალომე კობალაძის თქმით, ასევე არის მოლოდინი, რომ მერია გაითვალისწინებს მათ ინიციატივას და გასაჩივრების გამარტივებულ ფუნქციას მობილური აპლიკაციის მეშვეობით გახდის ხელმისაწვდომს, რადგან ძალიან ხშირია ავტომობილების საჯარიმო სადგომებზე უკანონო გადაყვანის შემთხვევები, რაც მოქალაქეთა სამართლიან პროტესტს იწვევს.
შეხვედრა მოქალაქეებთან დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები, რაც ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დეპუტატების თქმით, უახლოეს მომავალში დამუშავდება და ახალი ინიციატივების სახით საკრებულოს და მერიას წარედგინება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.