Jump to content
Planeta.Ge

საია მარტის აქციებზე კიდევ ერთი დაკავებულის სახელით სტრასბურგს მიმართავს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი გიორგი მექვაბიშვილის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

საია-ს თქმით, სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მექვაბიშვილმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. საიას განცხადებით, ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას:

„მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია-ს თქმით, საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს.

„მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მეორე საჩივარია, რომელიც საქართველოში თვითნებური დაკავების პრაქტიკასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებს შეეხება.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: საბჭოთა კანონმდებლობა აქტივისტების წინააღმდეგ — როგორ კლავენ პროტესტს საქართველოში

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...