სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ:
„სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, მაგრამ არავინ ჩანს, არც აშენების პირი უჩანს და ამიტომ გავმართეთ აქცია,” — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ სკოლის აშენებაზე მყარ გარანტიებს არ მიიღებენ.
განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოცხადებულია ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება. კითხვაზე შეთანხმებულია თუ არა პროექტი უკვე მერიის არქიტექტურის სამსახურთან და გაცემულია თუ არა უკვე სამშენებლო ნებართვა, განათლების სამინისტროდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გვამისამართებენ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.