„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: „ალტ-ინფოში” დაიწყეს იარაღის მობილიზებაო და საზოგადოებას აინტერესებს, დაინტერესდება თუ არა სუსი?
ლილუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც ჩაითვლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევად.
ჟურნალისტი: ეს გამოწვევა არ არის, იარაღის მობილიზება.
ლილუაშვილი: რა თქმა უნდა, დავინტერესდებით მაგ თემით.
ჟურნალისტი: ჯერ არ დაგიბარებიათ გამოკითხვაზე?
ლილუაშვილი: „ალტ-ინფოს” ხელმძღვანელობის დაბარება-არ დაბარების საკითხი არის სახელმწიფო უსაფრთხოების, საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი ასპექტი.
ჟურნალისტი: ანუ ჯერ არ დაგიბარებიათ?
ლილუაშვილი: ჯერ არ დაგვიბარებია.
ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან.
მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვითარების ვერსიებზე საუბრობენ და ამ შესაძლო მოვლენების აღსაკვეთად ფიზიკური ძალის მობილიზების საჭიროებას წარმოაჩენენ.
პრორუსული „ალტ-ინფოს“ ნარატივი თანხვედრაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასთან, სადაც სუსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებაზე საუბრობს.
უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.
უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.
ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია. მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.