Jump to content
Planeta.Ge

საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მოთხოვნები 81%-ით გაიზარდა — ვიზალიბერალიზაციის ანგარიში


ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ასეთი იყო საქართველოს 14 635 მოქალაქე, 2022 წელს კი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს აღნიშნული განაცხადების 7% დაკმაყოფილდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 5% იყო.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, მათი რიცხვი 2022 წელს 21 910 იყო, რაც წინა წლის მონაცემზე (11 695) 87%-ით მეტია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970 მოქალაქეს ეთქვა, როცა 2021 წელს მათი რიცხვი 3 030 იყო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, თუმცა რიგი საკითხები დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მათ შორის ანგარიშში ნათქვამია, რომ მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება გამოწვევად, რომელსაც გავლენა აქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე ანგარიშში ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს, გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების პროცედურების დადგენისას და დაენერგა მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესაფასებლად, რაც არ შესრულებულა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...