„ემუქრება ხუთ წლამდე პატიმრობა“ — რუსეთში „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი დააკეს
18 ოქტომბერს რუსეთში დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“.
კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს.
მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დააკავეს – ამჯერად, „უცხოეთის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. გამოძიება ირწმუნება, რომ ჟურნალისტი აგროვებდა მონაცემებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე და ამიტომაც, თავად უნდა მიემართა შესაბამისი უწყებებისთვის, რათა „უცხოეთის აგენტად“ დაერეგისტრირებინათ.
ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სსკ-ის 330.1 მუხლის მესამე ნაწილით, რომლითაც კურმაშევას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] დაამტკიცა [სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის მონაცემთა] ძალიან ფართო სია, სულაც სამხედროების ან სამხედრო ნაწილების ნომრებამდე, რომელთა შეგროვებაც ამ კანონის მოქმედების ქვეშ ექცევა. [..] ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინტერესდება ასეთი მონაცემებით, შეიძლება გამოცხადდეს „უცხოეთის აგენტად“ და დადანაშაულებული იყოს, რომ თავად არ დარეგისტრირდა ასეთად. ამ კანონით ნებისმიერის გასამართლება შეიძლება“, – წერს იგი.
„რადიო თავისუფლება“ ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.
„ალსუ ძალიან პატივსაცემი ჟურნალისტია, მეუღლე და ორი ბავშვის მზრუნველი დედაა. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი გედმინი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, კურმაშევა მრავალი წელია წერს თათრეთისა და ბაშკირეთის ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე და ინიციატივებზე, რომელთა მიზანიც თათრული ენისა და კუტურის შენახვა და დაცვაა.
გარეკანის ფოტო: © „რადიო თავისუფლება“
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.