Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა „უხამსობის რეგულირებაზე" კანონპროექტი III მოსმენით მიიღო


პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3.

კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა.

მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება. 

„ქართული ოცნება” ამბობს, რომ ცვლილებების შეტანის მოტივაცია ევროკავშირის 12 პუნქტიდან მეშვიდეს შესრულებაა.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც გვაქვს მუხლი – „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”.

აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს მიმართოს კომუნიკაციების კომისიას თუ საკითხი ეხება ზემოთ აღნიშნულ 55მუხლს.

პარლამენტში ამჟამად ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი კი სწორედ ამ წესს ცვლის.

კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, ამ კანონის 552  მუხლის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების [ანუ გასაჩივრების შიდა მექანიზმი] ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში.

კომისია კი უფლებამოსილი იქნება, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევაში” რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.

„უხამსობის რეგულირება”

გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებებისა, პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში „უხამსობის შესახებ” ჩანაწერის ისე შეცვლას, რომ მასზე პასუხისმგებელ უწყებად კომუნიკაციების კომისია განისაზღვრება.

56 პრიმა მუხლში გაჩნდება ჩანაწერი – „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”.

ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია. რეაგირების პროცედურები კი გაწერილია „ანგარიშვალდებულებისა და სანქციების” თავში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...