Jump to content
Planeta.Ge

TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს.

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. იმპიჩმენტის „სადამსჯელო” პროცედურა მმართველმა პარტიამ  იმ მოტივით წამოიწყო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა ევროპული სახელმწიფოების და ევროკავშირის  უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე.

საზოგადოებისათვის, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს,  მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა ამ პროცესის საბოტაჟის მცდელობად იქნას აღქმული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას მიტაცებული აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.

საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...