პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.
"კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.
„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“- აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.