„შინაარსისგან გამოფიტული" - საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე გადაწყვეტილებას აფასებს
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. დასკვნას ერთვის სამი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის [იმპიჩმენტი]”, – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.
52-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტში აღნიშნულია: პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
რას წერენ მოსამართლეები განსხვავებულ აზრში?
„მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.
ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას…
…დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.