პრეზიდენტი - დღეს ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს - ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს
დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც დღესდღეობით დარჩენილი იყო, როგორც ჩვენ სამართლებრივ სისტემაში, ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ, გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან, უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლითაც მას უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად უფრო საკუთარი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე ასეთი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთი - პრეზიდენტი! ამიტომ, მე მინდა გაგამხნეოთ, საზოგადოებას გითხრათ და ყველას, ვინც დღეს მისმენს, რომ არსად არ მივდივარ არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლიდან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.