საკონსტიტუციო სასამართლო - კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით
კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა.
“საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამართლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.