Jump to content
Planeta.Ge

თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, პოლიტიკური მხარე გამხდარიყო - ეს არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის


საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

მისივე განმარტებით, პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეთა უმრავლესობამ გაიზიარა, არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა სალომე ზურაბიშვილის.

„ყველამ კარგად ვიცით ის, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 3 შეხვედრა. 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, 1-ელი სექტემბრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. უმრავლესობის წევრები თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ამ შეხვედრებზე გაჟღერდა ისეთი, რამ რაც ხელს შეუშლიდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ამ სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების პროცესს, პირიქით, მკაფიოდ არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს ქმედებები, ისევე როგორც სხვა ქმედება შეეხებოდა ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, მაინც გადაწყვიტა რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.

ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

„ჩვენ ვცადეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო და არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, რომ სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხებზე. სასამართლოს თავმჯდომარემ დღესაც ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების მიერ. არ გამოცხადდა კი არა წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების მიერ. სამწუხაროდ, სასამართლომ, მაინც გადაწყვიტა რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.

როდესაც დასკვნას ვკითხულობ, მიმყარდება სამწუხარო განცდა, რომელიც განხილვების დროს გამიჩნდა. სხდომის დაწყების პირველი წუთიდან გასაგები გახდა, სად იდგა მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა სასამართლოს მხრიდან არ არის ერთსულოვანი.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს სტატუსის მიღებას, პირიქით, მას მოუწევს იმპიჩმენტი იმის გამო, რომ ის აკეთებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში. ეს ვერ გააბათილა პარლამენტმა სხდომებზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა თუ როგორ დამთავრდება პროცესი, უკვე დიდი დოზით არის დამაზიანებელი საქართველოს დასავლელი კურსისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებისთვის.

მისივე შეფასებით, თუკი ამ პროცესებმა კანდიდატის სტატუის მიღების პროცესში კიდევ ერთხელ დახია საქართველო უკან, პოლიტიკური პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციოო სასამართლოს გაიზიარებს.

„სამწუხაროა, რომ პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეთა უმრავლესობამ გაიზიარა, არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ინსტიტუტის. მსოფლიოში არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს.

ახლა სამართლებრივ განხილვას აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი დასრულებულია. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა თუ როგორ დამთავრდება, უკვე დიდი დოზით არის დამაზიანებელი საქართველოს დასავლელი კურსისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებისთვის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...