სასამართლომ ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია – კულტურის სამინისტროს 20 თვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მაჭარაშვილი 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის ინტერესებს საადვოკატო ფირმა Justice League იცავდა. იურისტმა დიტო ხვიჩიამ „პუბლიკას” უთხრა:
„ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია; მოპასუხეს დაეკისრა ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით 2022 წლის 15 თებერვლიდან განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად. მოპასუხეს დაეკისრა ბაჟის გადახდა 100 ლარი, ანუ, 2022 წლის 15 თებერვლიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოდის 20 თვის განაცდური. დაველოდებით, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში”.
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. დანიშვნიდან მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნებისა და ეროვნულ მუზეუმებში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „რეორგანიზაციის” სახელით მინისტრმა გაათავისუფლა ათობით თანამშრომელი, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე და მეცნიერი იულონ გაგოშიძე.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.