აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.
რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
დანიგენი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.