იმამთა გლობალური საბჭო: ვგმობთ „ჰამასის“ ბარბაროსობას, მხარი დაუჭირეთ ებრაელ ერს
იმამთა გლობალური საბჭო [GIC] გმობს „ჰამასის“ მიერ „ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ და ტერორისტულ აქტებს“ და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ერს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორგანიზაცია, რომელშიც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი 1470-ზე მეტი იმამია გაერთიანებული, აღნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა „ჰამასსა“ და მის „გენოციდურ, ანტისემიტისტურ და გამანადგურებელ იდეოლოგიას“.
GIC ყურადღებას ამახვილებს, რომ ემორჩილება „ჰამასის“ წინააღმდეგ ისლამურისაბჭოს გამოცემულ ფატვას, რომელშიც ტერორისტულ ორგანიზაციას ბრალი ედება კორუფციასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, ასევე მუსლიმებს უკრძალავს ორგანიზაციის მხარდაჭერას, მისთვის თანხის შეწირვას ან მასში გაწევრიანებას.
ორგანიზაცია აგრეთვე აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ნებისმიერი სახის ისლამისტობის მიმართ და ნებისმიერი პირი, ვინც „ჰამასს“ უჭერს მხარს, „საჯაროდ დაიგმობა“ და ორგანიზაციის ღონისძიებებს ვეღარ დაესწრება.
GIC აგრეთვე გმობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ აქციებს „ექსტრემისტული და ძალადობრივი რიტორიკით, სადაც აფრიალებენ ტერორისტული ორგანიზაციების დროშებს და სკანდირებენ გენოციდურ შეძახილებს“.
ორგანიზაციის განცხადებას ხელს აწერს მისი მმართველი საბჭო, უფროს იმამთა კომიტეტი, მრჩეველთა კომიტეტი, გენერალური საბჭოს წევრები და ორგანიზაციის 209 იმამი 38 წევრი ქვეყნიდან.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
ისრაელმა საპასუხოდ გაზის სექტორზე დარტყმების მიტანა დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
12 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1200-ზე მეტი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.