Jump to content
Planeta.Ge

„ჩვენს სოფელში სკოლა არ არის“ | რა ბარიერებს აწყდებიან ადამიანები ჯავახეთიდან


„ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და გვინდა, რომ აქ დავრჩეთ, მაგრამ დიდი პრობლემაა, რომ სოფელში არ არის სკოლა. ჩემი შვილი უნდა წავიდეს სკოლაში, მაგრამ ჩვენს სოფელში არ არის“.

„არიან ბავშვები, რომლებმაც არ იციან, სად არის დედაქალაქი, არათუ ნამყოფი არიან იქ. არიან ბავშვები, რომლებმაც ორი სიტყვაც არ იციან ქართულ ენაზე“.

„მთელი წლის განმავლობაში შეიძლება 1000 ლარი მქონდეს კარტოფილისგან მოგება. ამ თანხით როგორ უნდა იცხოვრო, რანაირად უნდა იცხოვრო მთელი წელი“.

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.

სწორედ ამ პრობლემებზე მათ თავად ისაუბრეს ღია ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებთან „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“, „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ და USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ერთად ჩატარდა.

publika.ge-5-1-1024x683.jpg

ტურის ფარგლებში ერთ-ერთი ასეთი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარავანი, რომლის მცხოვრებლები ადგილობრივი მასწავლებლის, მანუშაკ მკრტჩიანის მიერ გახსნილ სათემო ცენტრთან შეიკრიბნენ. ცენტრი გაიხსნა ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაასუფთავა, რათა ალტერნატიული განათლებისა თუ სოციალიზაციის სივრცე შექმნილიყო.

სოფელ ფარავნის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან ქართული ენა და ამ კუთხით ისინი დანარჩენი ქართული საზოგადოებისგან მკაფიოდ იზოლირებულნი არიან. ეს სისტემური პრობლემაა, რადგან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა მონოეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში ბინადრობს და არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულყოფილად ენის დაუფლებისა. ხოლო ეს ცენტრი სოფელ ფარავნის ახალ თაობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

„ადამიანებმა არ იციან ქართული ენა, რის გამოც საავადმყოფოებში წასვლაც პრობლემაა. ყველას უნდა რომ ისწავლოს, მაგრამ სპეციალისტები არ არიან, მარტო მანუშაკია და ეს ძალიან ცოტაა სრულფასოვანი განათლებისთვის“ – ენობრივი ბარიერის გამო ადამიანებს სამედიცინო, სააფთიაქო, იუსტიციის სახლისა და სხვა საჭირო სერვისების მიღება უძნელდებათ.

publika.ge-15-1024x683.jpg

publika.ge-3-1-1024x683.jpg

ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ სოფელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარჩენის დიდი სურვილიც აქვთ, მაგრამ არ არის შესაბამისი პირობები. რიგ შემთხვევებში გარკვეული სერვისების მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივებს ქალაქ ნინოწმინდაში ან ფოკაში უწევთ სიარული. ხოლო მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სოფელში მისვლას 40-45 წუთს ანდომებს.

publika.ge-2-1-1024x683.jpg

publika.ge-4-1-1024x683.jpg

გარდა ამისა, მანუშაკის თქმით, სოფელ ფარავანში არ არსებობს არც ინფრასტრუქტურულად გამართული სასკოლო სივრცე, რადგან სკოლის ძველი ქვის შენობა ავარიულია და ამ დროისთვის დაკეტილია, ხოლო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს გვერდით მდებარე ხის შენობაში, სადაც არ არის შესაბამისი გათბობის სისტემა, რაც მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ძალიან დიდი გამოწვევაა მათთვის.

„სკოლა არის, მაგრამ ავარიულია. შარშან მარტიდან მეორე ცვლაში ვმუშაობთ და ახლა ისევ დავიწყეთ ხის შენობაში, რადგან ქვის შენობა ავარიულია და გადმოვედით უფრო ძველ შენობაში. სამი კლასია, სადაც უკვე ვსწავლობთ, სამ ცვლაში. დილით ვიწყებთ ცხრის ნახევარზე და ვამთავრებთ რვა საათზე, რაც ხელს უშლის ბავშვებს სწავლის პროცესში. ყველაზე რთულია, როცა ბავშვები მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილზე უკვე იღლებიან და შემიძლია ვთქვა, რომ მაგ ორი გაკვეთილის დროს არც კი სწავლობენ, სახლში წასვლაზე ფიქრობენ“, – გარდა ინფრასტრუქტურულად გაუმართავი სკოლისა, სოფელ ფარავანში საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი, ამიტომ მანუშაკს შვილი გვერდით სოფელში თავად დაჰყავდა.

publika.ge-7-1024x683.jpg

 

publika.ge-8-1024x683.jpg

სკოლის ინფრასტრუქტურის პრობლემაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოშიც. სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ღია ტიპის შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორიც, რომელმაც მოჰყვა, რომ სოფელში 150-მდე სასკოლო ასაკის ბავშვია და ეს რიცხვი ყოველ წელს იმატებს, თუმცა სკოლა ძალიან პატარაა და არ არის მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული.

გარდა ამისა, მისი თქმით, ვინაიდან სოფლიდან მოსახლეობის გადინების დაბალი მაჩვენებელია და, როგორც წესი, ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ სოფელში რჩებიან, დეფიციტია ისეთი სივრცეებისა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ჩაერთონ სპორტულ თუ სხვა აქტივობებში. თითქმის არ არის სივრცეები და სკვერები, სადაც შეკრებას მოახერხებდნენ. არ არის განათებული ის გზები, რომლითაც ახალგაზრდები სარგებლობენ.

publika.ge-14-1024x683.jpg

publika.ge-13-1024x683.jpg

მსგავსი პრობლემა აქვთ ახალგაზრდებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანშიც, სადაც სასკოლო ასაკის 350-მდე ბავშვისთვის არ არსებობს შეკრების ადგილები, მოუწესრიგებელია საცეკვაო და სპორტული წრეების ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა თქვეს, რომ მათ უწევთ, აქტიურად ჩაერთონ საოჯახო საქმიანობაში, რის გამოც, სკოლის გარდა, სხვა საგანმანათლებლო თუ განმავითარებელ აქტივობაში იშვიათად იღებენ მონაწილეობას, ამიტომ მათთვის ასეთი სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

publika.ge-11-1024x683.jpg

publika.ge-9-1024x683.jpg

ტურის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამსაც ვეწვიეთ, სადაც მოსახლეობამ ძირითად გამოწვევად კარტოფილის დაბალი სარეალიზაციო ფასი დაასახელა. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობის წლიური შემოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კარტოფილის გაყიდვაზე, თუმცა მათ სოფელში სასოფლო-სამეურნეო მიწა ცოტაა, ხოლო რაც არის, სხვა სოფლებთან შედარებით დაბალი ხარისხისაა, თან ძირითად შემთხვევაში დაურეგისტრირებელი. ასევე გაუმართავია სარწყავი სისტემები, ამიტომ მოსახლეობას უწევს, რომ წყალი 12-13 კმ-ის მანძილიდან მოიტანოს.

„მთელი ექვსი თვე ვშრომობთ მთელი ოჯახი და ბოლოს შეიძლება ისე მოხდეს, რომ 40 თეთრი ღირდეს ერთი კილოგრამი? ან საერთოდ ვერ გავყიდოთ? სხვა საქმე არ არის სოფელში და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება 1000 ლარი მქონდეს კარტოფილისგან მოგება. ამ თანხით როგორ უნდა იცხოვრო, რანაირად უნდა გაატანო მთელი წელი“, – კარტიკამის მკვიდრის თქმით, კარტოფილის სარეალიზაციოდ ძირითადად თბილისში მიდიან, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია.

შეხვედრას ძირითადად ქალები ესწრებოდნენ – მათი თქმით, კაცები უმეტესად შრომით მიგრაციაში არიან და საოჯახო თუ სასოფლო-სამეურნეო შრომა ქალებზე გადადის.

სწორედ ამ პირობებში, სოფელ ფარავნის მსგავსად, არც კარტიკამშია საბავშვო ბაღი და ბავშვები ბაღში მეზობელ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით დადიან. ღია ტიპის შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მშობელმა მოჰყვა, რომ გარდა იმისა, რომ ეს დამატებით დროს მოითხოვს, დისკომფორტსაც ქმნის, რადგან, მაგალითად, ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მისი შვილი ცუდად გახდა, ტიროდა და მან ვერ მოახერხა ბაღში დროულად მისვლა, რადგან სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია და არც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, ხოლო მისი ქმარი შრომით მიგრაციაშია.

ასე რომ, გარდა იმისა, რომ საბავშვო ბაღი ბავშვის სკოლამდელი განათლების ნაწილში საკვანძო როლს ასრულებს, სოფელ კარტიკამის მაგალითზე, მას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს: იმ პირობებში, როცა სოფელი წელიწადის უმეტეს დროს კაცებისგან დაცლილია და მთელი პასუხისმგებლობა ქალებზე გადადის, ბაღის არარსებობა მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ართულებს.

publika.ge-6-1-1024x683.jpg

publika.ge-16-1024x683.jpg

დაბოლოს, სხვადასხვა სოფელში, განსაკუთრებით კი – სოფელ ვაჩიანში, სოფელ კარტიკამსა და სოფელ ფარავანში მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა, რომ მათთვის დიდი პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ვინაიდან მოქალაქეობის მისაღებად ქართული ენის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება აუცილებელია, ხოლო ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ისინი თავს იკავებენ. მათ აქვთ ბინადრობის უფლება და გარკვეულ სერვისებზე წვდომა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

publika.ge-10-1024x683.jpg

„სტატია მოამზადა „პუბლიკამ“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „პუბლიკა“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.“

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...