კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო
კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, – ამის შესახებ „პუბლიკას” დამოუკიდებელ პროფკავშირ „გილდიაში” განუცხადეს. სასამართლოში მათ ინტერესებს სწორედ „გილდია” იცავს.
სასამართლოს კინოცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მაია ჭილაშვილმა, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა, პორტალის მენეჯერმა, დავით დავითიანმა და კინოკომისიის მიმართულების მენეჯერმა, დავით ვაშაძემ მიმართეს.
ისინი გათავისუფლების შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ. კუხალაშვილი ასევე მოითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.
2023 წლის 10 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა, რომელმაც იმავე დღეს გამოსცა ბრძანება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ.
კუხალაშვილი სასამართლოში ასევე ასაჩივრებს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებასა და დებულებაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პირველი მოადგილისა და მოადგილის შტატებს შეეხებოდა.
„გილდიას” შეფასებით, რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. რეორგანიზაციის დროს არ განხორციელებულა რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზება, არ მომხდარა თანამშრომლებთან გასაუბრების ჩატარება, არ არსებობდა თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა.
„რეორგანიზაცია გაუმჭვირვალედ და თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა, რაც აჩენდა არასასურველი კადრების თავიდან მოშორების რისკს… კინოცენტრშიც რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდნენ იმ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში და საჯარო აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას”, – წერს „გილდია”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.