ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა
ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა.
ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.
„ვადასტურებ. დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მიზეზებზე არ მსურს საუბარი”. – თქვა მან.
თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა.
მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ.
19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდა.
ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი აღნიშნული ბრძანების შემდგომ, ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა. კომერციულმა ბანკებმა კი განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს დაემორჩილებოდნენ.
ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.