Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა


ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება.

კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია გათვალისწინებული, რომლებიც ივნისში მიიღეს, და არც სექტემბრის ცვლილებათა პროექტში.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას; უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას.

კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით”, — ვკითხულობთ დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, მეორე საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა მივლინებასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, შესრულებული კვლავ არ არის.

“მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია”, — დასძენს კომისია.

მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია, კომისიის შეფასებით, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, “თუმცა 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებები, მიღების შემთხვევაში, საკმარისად შეესატყვისება ამ რეკომენდაციას”.

მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას  და კომისიის შეფასებით, ნაწილობრივ არის შესრულებული.

ვენეციის კომისიის განცხადებით, კვლავ მზად არის ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტთან სათანამშრომლოდ.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...