პაპუაშვილი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზაზე რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს.
პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ამაში მას სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რომ „რაიმე ჯანსაღი აზრი“ ჰქონდეთ, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ.
„არა, საჭიროებას არ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის პარლამენტის რეზოლუციებით, სამთავრობო პროგრამის და ზოგადად იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გვაქვს, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მკაფიოა და ამ გეგმას და პოლიტიკას მივყვებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.
რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან.
რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.