აშშ ადასტურებს ისრაელში ამერიკელების დაღუპვას
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან, დაღუპულ და დატყვევებულ უცხოელებს შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ბრაზილიის, მექსიკის და ტაილანდის მოქალაქეებიც.
ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.