ლაშა ჟვანია - ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა - ბავშვები პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში დაბრუნდა.
ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან.
როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა.
მისი თქმით, თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, საელჩოს შეატყობინოს.
„ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დილით, ისრაელის არმიამ პირდაპირ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და მთლიანად ებრაელი ერის ცხოვრებაში უმძიმესი წელია. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო. ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე ისრაელის არმიის მიერ კონტროლი აღებული. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. გუშინ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოვიყვანეთ. 3 არის ნეთანიაში, ერთი არის თელავივში. საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით თავიანთი რეისები გაუქმეს. დღე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, გუშინ რამდენიმე რეისი შესრულდა. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან, გვიანობამდე მათთან ერთად ვიყავით, სანამ ბავშვები ოთახებში დასაძინებლად არ განვათავსეთ. ცხელი ხაზის ნომერი ყველამ იცის, 3 ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, ვთხოვთ, რომ შეგვატყობინოს“,-განაცხადა ჟვანიამ.
7 ოქტომბერს გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა "გრძელვადიან, რთულ ომში" შედის, რომელიც "ჰამასის" თავდასხმით არის გამოწვეული და გაიმარჯვებს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.