ისრაელის ელჩი - მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის - ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად - ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად.
„მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო თელ-ავივისა და იერუსალიმის სამხრეთით რაკეტების გასროლით. მილიონობით ადამიანი დილიდან თავშესაფარშია. გარდა ამისა, „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ღაზადან ისრაელში ადგილობრივი ოჯახების მოკვლის მიზნით გადავიდა. ათასობით ისრაელის მოქალაქე ჯერ კიდევ საკუთარ სახლშია ჩაკეტილი და ტერორისტებისგან იმალება. ეს არის იმ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რომელთაც „ჰამასი“ ხელმძღვანელობს, ისრაელის მხრიდან ყოველგვარი საბაბის ან წინასწარი ქმედებების გარეშე. ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად და ჰამასს პასუხისმგებლობას დააკისრებს. ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის. „ჰამასი“ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს. ტერორისტული ორგანიზაციები შეგნებულად მოქმედებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებით, ჩადიან ორმაგ სამხედრო დანაშაულს - განურჩევლად ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას მაშინ, როცა ღაზას სექტორის მაცხოვრებლებს თავშესაფრად იყენებენ”, - აცხადებს ელჩი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.