Jump to content
Planeta.Ge

მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ ე.წ. კარვების კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა.

„მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმაც — ყველაფერი ხომ ეჭვის ქვეშ დადგა? გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია  კანონი ხელმოსაწერად. რომ ნახეს, უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი“, — თქვა მდინარაძემ დღეს, 6 ოქტომბრის საღამოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე გეგმავდნენ. მისი ეს განცხადება სახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ გაავრცელა როგორც ნამდვილი ამბავი.

„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“,  – ამბობდა კობახიძე „იმედის“ გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძის აღნიშნული განცხადების სისწორის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი „ქართული ოცნების“ პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ის ნამდვილი იყო.

რა ხდება

გუშინ, 5 ოქტომბერს, პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ, მმართველმა გუნდმა მათი აზრი არ გაითვალისწინა და ცვლილებები მაინც დაამტკიცა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. კანონის გამკაცრების მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...