მაია კოპალეიშვილი - რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა
ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში.
კოპალეიშვილის განცხადებით, კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა არ აქვს და მას შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს.
„სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს კობახიძის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ კობახიძე საზოგადოებას სერიოზულად არ აღიქვამს. მას შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია, კონსტიტუციის განმარტება მოარგოს თავის პოლიტიკურ მიზნებს, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა კი არ აქვს, არამედ შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა კობახიძეს მიმართა, რომ თუ მას რამე მტკიცებულებების წარმოდგენის თავი ჰქონდა, ან რამე სამართლებრივი არგუმენტის წარმოდგენის თავი ჰქონდა, მას ამის გაკეთება შეეძლო სამი დღის განმავლობაში.
„ახლა, როდესაც ის გამოდის და ინტერვიუს ინტერვიუზე იძლევა, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს და კიდევ ერთხელ უბრუნდება იგივე თემებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს უსუსტესი არგუმენტები ჰქონდათ, დამოკიდებულები იყვნენ კონსტიტუციის წაკითხვის მათეულ ხედვაზე. ახლა დავინახეთ ის, რომ როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მოატრიალონ და მოაბრუნონ მუხლები. იმავეს აკეთებდა პროცესზე, რატომღაც ჰგონია, რომ მას აქვს ნორმათა განმარტების ექსკლუზიური უფლება. კობახიძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
კითხვაზე, რა განცდა დარჩა, მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, კოპალეიშვილი პასუხობს, რომ სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დაასაბუთეს, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.
„დაშვებებით რთულია საუბარი, იმიტომ, რომ უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. აქ საუბარია უმრავლესობის ნების გამოხატვაზე. რამდენიმე მოსამართლეზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად სამართლიანად განმარტავენ კონსტიტუციას. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ არ არსებობს არანაირ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაზეც დააფუძნებს თავის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ რომ, თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის 52- მუხლის 1-ელი პუნქტის ა-ქვე პუნქტი, რომელსაც პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობა ედავება.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამას მიუდგება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან, მას არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არ დაადასტუროს დარღვევა და პოლიტიკურ უმრავლესობას უარი უთხრას კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
ამასთან, როგორც კოპალეიშვილმა განაცხადა, თუკი, საკანონმდებლო ორგანო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინ, პრეზიდენტს სიტყვით სარგებლობის უფლებას მისცემს, ის ამ შესაძლებლობით ისარგებლებს.
„საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს აუცილებლად შეეხმიანებიან, მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. პრეზიდენტს შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს, მაგრამ სიტყვას მისცემენ თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც თქვას, ეს საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუკი, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ანუ ამ საკითხის გადაწყვეტამდე, პრეზიდენტს სიტყვა მისცეს, პრეზიდენტი აუცილებლად ისარგებლებს ამ შეთავაზებით.
დარწმუნებით ალბათ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტთან იყოს ამაზე კითხვა დასმული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს, მაგრამ ვნახოთ, თავად პრეზიდენტი როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.