ბოიკოტის გამო გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტში დამოუკიდებლად წარდგება
„მწერალთა სახლისადმი“ გამოხატული ბოიკოტის გამო ქართველი გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებლად წარსდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს, 1 ოქტომბერს ავრცელებს.
ჯობავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მწერალთა სახლისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, მათვე აზრით, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება.
„მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც“, — წერს ჯობავა პირად ფეისბუკგვერდზე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ითანამშრომლონ.
„თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის უძვირფასესია ის მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც გვაკავშირებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გამომცემლები და მწერლები უწყვეტად წარადგენდნენ ქართულ ლიტერატურას ამ საერთაშორისო ფორუმზე, ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას”, — აცხადებს გვანცა ჯობავა.
როგორც გამომცემელი ამბობს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც და მიიღებენ მონაწილეობას უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში.
მწერალთა და გამომცემელთა ბოიკოტს „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუთი გამოეხმაურა „მწერალთა სახლის“ ახლადდანიშნული დირექტორი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე.
- „არ ვიღებთ ახალ დირექტორს“ — მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების განცხადება დუმბაძეზე
- ქეთევან დუმბაძე: თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, მასზეა დამოკიდებული
“მწერალთა სახლი 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს… მე პიროვნულად არ მიცხადებენ ბოიკოტს, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ“ — განუცხადა ქეთევან დუმბაძემ „მთავარ არხს“.
მწერალთა და გამომცემელთა ბოიკოტი „მწერალთა სახლისადმი“ სწორედ ქეთევან დუმბაძის დანიშვნამ გამოიწვია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.