ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე - მოვუწოდებთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე.
როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება.
„2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მოხდა. ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. დაკავებულთა რაოდენობა წინა წლების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ცდილობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას. ერთის მხრივ, გადაკვეთა გართულდა ღობეების, მავთულხლართის და სათვალთვალო კოშკურების რაოდენობის გაზრდის გამო. მეორეს მხრივ კი, ხალხი უფრო მეტად შეშინებულია. ხალხმა იცის რა შეიძლება მოხდეს, როდესაც გადაკვეთას შეეცდებიან. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დაკავებები ეფექტური შემაკავებელი საშუალებაა.
დადებითია, რომ აგვისტოში ჩვენ ვნახეთ ორი ხანგრძლივად დაკავებულის ბ-ნი ნათაძის და ბ-ნი ჩხიკვაძის გათავისუფლება. ორივე მათგანი დააკავეს 2021 წლის დეკემბერში. მისია აქტიურად მოუწოდებს ყველა დაკავებულის გათავისუფლების და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ. ამავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მათი გადაცემისთვის, რასაც ერგნეთში აქვს ადგილი“,-განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.
მისი განმარტებით, შედარებითი სტაბილურობის მიუხედავად, ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს ან დროთა განმავლობაში გაიზარდა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად. სამწუხაროდ, მათგან გავიგეთ, რომ იზოლაციის, დაშორების ან თუნდაც გაუცხოების დონე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების სხვა და სხვა მხარეს მცხოვრებ თემებს შორის არათუ შემცირდა, არამედ რეალურად იზრდება.
პოზიტიური კუთხით აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა - 20-დან ყოველი თვის ბოლომდე, ასევე ისეთი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორებიც არის მართლმადიდებლური აღდგომა ან ლომისობა.
მიუხედავად ამ ფაქტისა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება კვლავ იზღუდება, ასევე გადაკვეთისთვის საჭირო საბუთების, ე.წ. საშვების (პროპუსკების) მიღების გართულებული, უსამართლო და ხანგრძლივი პროცედურების გამო. უფრო მეტიც, მიმდინარე წელს გადაკვეთის პუნქტების რამდენიმე დახურვამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ეს მექანიზმები: თვითგამოცხადებულმა რეგიონებმა, მაგალითად, ცალმხრივად დაკეტეს გადაკვეთის პუნქტები აპრილში, თბილისში საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ და ივნისში, რუსეთში ვაგნერის ჯგუფის ამბოხის დროს.
რა თქმა უნდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.
როდესაც ვსაუბრობთ გადაადგილების შეზღუდულ თავისუფლებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ე.წ. ‘ბორდერიზაციაზე’. ‘ბორდერიზაცია’ ნამდვილად არ არის სწორი ტერმინი, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გამაგრებას ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკურების მეშვეობით.
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ამის ზეგავლენას. ეს აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე. ეს ბავშვებს მათ მიერ არჩეულ განათლებას ართმევს. და ეს მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება“, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.