„მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ“ — HRC ლაზარეს წერილს ავრცელებს
7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა.
წერილში ლაზარე ამბობს, რომ მარტის აქციებზე იმავე მიზეზით იმყოფებოდა, რის გამოც იქ ყველა სხვა მოქალაქე იყო. კერძოდ, აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს წარმოშობდა:
„ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ხელს შეუშლის სტატუსის მინიჭებას“ — წერს ლაზარე გირიგორიადისი.
წერილში, გრიგორიადისი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაცია, მისი აზრით, ბევრ ცვლილებას მოიტანს ადამიანების ცხოვრებაში, რაც თავიდან რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ შეეხება ეკონომიკას, აამაღლებს სტანდარტებს ყველა სფეროში, იქნება დემოკრატია, რომელსაც ის ამ ხელისუფლების მმართველობაში ვერ ამჩნევს:
„ეს ყველაფერი აღიბეჭდება თითოეული ჩვენგანის მატერიალურ მდგომარეობაზე და ერთხელ და სამუდამოდ დავდგებით ცივილიზებული სამყაროს გვერდით, სადაც სასამართლო სამართლიანია, ქვეყანაში არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია, იცავენ თითოეული მოქალაქის უფლებებს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებების და ა.შ.“ — წერს ლაზარე.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, ლაზარე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ძალაუფლება ხალხის ხელშია, დამოკიდებულება კი რომ არაფერს აზრი არ აქვს, მისი შეფასებით არასწორია:
„ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს. მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ.
ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.Star Wars-იდან ერთი ციტატა მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილენ ერსოს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია“ — წერს ლაზარე.
ლაზარე გრიგორიადისი თანადგომისთვის ყველას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს გვერდში დრომა მას დიდი მოტივაციას აძლევს.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.